ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლო სხდომაზე საკუთარ პოზიციას დაწვრილებით შეეხო. მისი განცხადებით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგია.

კილაძის თქმით, გამოძიების ინიციატორი და საქმის „შემკერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სუს-ში მდინარაძის მისვლის შემდეგ საქმის წარმოება მიზანმიმართულად დაიწყო.

შეთავაზება „გაშავების“ სანაცვლოდ

სასამართლოზე ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია შუამავალთან, რომელიც მას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაციას სთავაზობდა. კილაძის თქმით, ანაზღაურების სანაცვლოდ მას კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავება“ მოეთხოვებოდა.

„ამ სასამართლოს ველოდები, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა: კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური და უჩა მამაცაშვილი — ამ ადამიანების გაშავებას რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მე პრობლემები არ შემექმნებოდა“, — განაცხადა კილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი ნეიტრალური მოწმე. კილაძის მტკიცებით, ყველა მოწმე პირდაპირ კავშირშია მამუკა მდინარაძესთან, ხოლო თავად გამოძიების სქემაში მრავალი „ლაფსუსია“ დაშვებული.

რა ბრალდებებია წარდგენილი?

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომელშიც ელისო კილაძე ფიგურირებს, საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. მათ შორის არიან ოთარ ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე.

ბრალდებები ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობა) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლებს. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული დანაშაულები 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ელისო კილაძის საქმე დანარჩენი ბრალდებულებისგან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.