ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სახელწოდებით „რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ მიმოიხილავს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისის დროს დგას.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში გასაოცარი სისწრაფით ჩამოყალიბდა კოორდინირებული სისტემა, სადაც დეზინფორმაცია, შემზღუდავი კანონმდებლობა და პოლიციური ძალადობა ერთმანეთს აძლიერებს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სასამართლო სისტემა ამ პროცესში ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის იარაღად იქცა.
Amnesty International-ის მონაცემებით, პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები სისტემატურად ხდებიან თვითნებური დაკავებებისა და გადაჭარბებული ფინანსური ჯარიმების სამიზნეები.
„ხელისუფლებამ სახელმწიფოს მთელი მექანიზმი გამოიყენა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. საინფორმაციო სივრცე იარაღად იქცა, რათა სამოქალაქო სექტორი, მედია და ოპოზიციური ფიგურები „უცხოეთის აგენტებად“ ან „ექსტრემისტებად“ წარმოეჩინათ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავტორიტარული პრაქტიკების გამოყენება და შეცვალოს არსებული კურსი.
ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს ის კანონები, რომლებიც ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ასევე უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტზე. დაზარალებულებს კი, ორგანიზაციის რეკომენდაციით, სათანადო კომპენსაცია უნდა მიეცეთ.
Amnesty International საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს და მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების აღსაკვეთად. ორგანიზაციის განცხადებით, დამოუკიდებელი მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული შევიწროება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.