თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე მოწმის სახით ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის მეწილე დაიკითხა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ქოლ-ცენტრს სუს-ი მფარველობდა. დაკითხულმა პირმა დეტალურად ისაუბრა ქოლ-ცენტრის საქმიანობის სპეციფიკაზე, წილობრივ განაწილებასა და იმ პირებზე, რომლებიც სავარაუდოდ ლილუაშვილის გარემოცვას წარმოადგენდნენ.
პროკურორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ლილუაშვილთან პირად ნაცნობობას უარყოფს, ბრალდების მხარე მხოლოდ ცალკეული პირების ჩვენებებს არ ეყრდნობა. პროკურატურის თქმით, ჩვენებები მყარდება საქმეში არსებული აუდიო და ვიდეო მასალით.
„გრიგოლ ლილუაშვილი, მისი პოზიციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა პირთან ფიზიკურ კომუნიკაციას არ დაამყარებდა. მას ჰყავდა სანდო პირები, რომლებთანაც ჰქონდა ურთიერთობა“, – აცხადებენ ბრალდების მხარეში.
დაცვის მხარე პროკურატურის მოწმეების სანდოობას მკაცრად აკრიტიკებს. ადვოკატ ლანა ცერცვაძის განცხადებით, მოწმეები, რომლებიც სავარაუდო დანაშაულებრივ სქემებში ფიგურირებენ, თავისუფლებაზე იმყოფებიან, რაც ეჭვს ბადებს.
„ისინი თავიანთი თავისუფლებაზე გაცვლილი ჩვენებით ვაჭრობენ. ფაქტია, რომ პირები, რომლებიც ბრალდებულები უნდა იყვნენ, დღეს არანაირი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებიან“, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პროკურატურის მოწმე სასამართლოში აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.