ევროკავშირი სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო შეღავათების პაკეტს ამზადებს. ბრიუსელის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვამ განაპირობა. ინფორმაციას Financial Times ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებო ზომები მიზნად ისახავს სომხეთის ეკონომიკის იმ სფეროების დაცვას, რომლებიც რუსეთის სანქციების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. იგეგმება საბაჟო გადასახადების შემცირება სომხური წარმოების სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. შეღავათი 20-მდე კატეგორიის პროდუქციას შეეხება, რომლის წლიური ღირებულება დაახლოებით 420 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკომისია გეგმას უახლოეს კვირებში წარადგენს, თუმცა მის ამოქმედებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის თანხმობა ესაჭიროება.
რუსეთმა სომხური პროდუქციის შეზღუდვა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო და პოლიტიკა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვების შემდეგაც გააგრძელა. მოსკოვის ამ ნაბიჯს ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების მცდელობებს უკავშირებენ.
„ახლა შესაფერისი დროა მხარდაჭერისთვის და სომხეთისთვის იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირი საიმედო პარტნიორია“, – აცხადებს გამოცემის ერთ-ერთი რესპონდენტი. მისივე თქმით, სომხეთს მეგობრები სჭირდება, ევროკავშირს კი საკუთარი სამეზობლოს სტაბილურობა.
ევროკომისიის წარმომადგენლის, ოლოფ გილის განმარტებით, ავტონომიური სავაჭრო ზომები სომხურ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომას გაუმარტივებს და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. საკითხის განხილვა ივლისის დასაწყისში გაგრძელდება, როდესაც სომხეთს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ეწვევა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.