„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავასა და მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესები ახალ ფაზაში შევიდა. პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ორგანიზაციაში არსებულ მართვის სტილი გააკრიტიკა.

ჟორჟოლიანის თქმით, მას და მიხეილ სააკაშვილს ჰქონდათ მოლოდინი, რომ თინა ბოკუჩავას თავმჯდომარეობის პირობებში პარტიაში მისი ინტეგრაცია შედგებოდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს ალიანსი არ შედგა.

მენეჯმენტი თუ პოლიტიკა?

„მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავმჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება“, - წერს ჟორჟოლიანი. მისი შეფასებით, ტრადიციული პოლიტიკური მეთოდების დრო ამოიწურა და ორგანიზაციას სტრუქტურული ცვლილებები სჭირდება.

ჟორჟოლიანი აღიარებს, რომ ბოკუჩავასთან თანამშრომლობა იდეალური იქნებოდა, რადგან თვლის, რომ მოქმედ თავმჯდომარეს აქვს გამოცდილება, მას კი — განსხვავებული უნარები, რაც ერთობლიობაში შედეგიანი იქნებოდა.

შიდაპარტიული დაპირისპირება

პარტიაში არსებულ კრიზისს ლევან ბეჟაშვილიც ეხმაურება. ის პარტიის „რადიკალურ გადატვირთვას“ ითხოვს და მიიჩნევს, რომ თავმჯდომარის არჩევნების გარეშე, პირდაპირი წესით დანიშვნა შეცდომა იყო. სწორედ ამ მეთოდით დაიკავა პოსტი თინა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ, თინა ბოკუჩავა კრიტიკულად აფასებს მიხეილ სააკაშვილისგან წამოსულ ინიციატივებს. მოქმედი თავმჯდომარის თქმით, მის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო. ბოკუჩავა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს „იმპულსურსა და არათანმიმდევრულს“ უწოდებს, რაც, მისი შეფასებით, პარტიის დღევანდელი კრიზისის მთავარი მიზეზია.