საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო დელეგაცია ყირგიზეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. დავით სონღულაშვილის განცხადებით, აღნიშნული კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას როგორც ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, ისე საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„სოფლის მეურნეობა ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“, - აღნიშნა მინისტრმა. სხდომაზე დეტალურად განიხილეს ისეთი სფეროები, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ორგანული მეურნეობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მევენახეობა-მეხილეობასა და აგროგადამუშავებაზე.

სონღულაშვილის თქმით, საქართველო მზად არის ყირგიზ კოლეგებს გაუზიაროს გამოცდილება სპეციალისტების მომზადების, ტექნოლოგიური გაცვლისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით. მინისტრის შეფასებით, ეს ნაბიჯები დაეხმარება ორივე ქვეყანას მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში.

ეკონომიკური საკითხების გარდა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგს. მხარეებმა განიხილეს ეკოტურიზმის განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით არსებული პოტენციალი.

ვიზიტის მიზანი ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონში გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური მიზნების მიღწევაა, რაც ორივე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.