საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, 17 უკრაინის მოქალაქე რჩება. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან არ გააჩნიათ შესაბამისი და ვალიდური სამგზავრო დოკუმენტაცია.
სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საზღვარზე მყოფ პირთა შორის არ არიან ქალები ან არასრულწლოვნები. უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მათი შემოშვება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იზღუდება. მიზეზად დასახელებულია პირების „კრიმინალური წარსული“ და მათი ნასამართლეობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის.
ამ საკითხმა საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ადვოკატმა დარია სამოდუროვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 უკრაინელი საზღვარზე უკვე ერთი წელია „ჩაკეტილია“. ადვოკატის მტკიცებით, ისინი სარდაფის ტიპის სათავსოში იმყოფებიან, სადაც არ არის ელემენტარული ჰიგიენური პირობები, საკვები და მედიკამენტები.
აღნიშნული ჯგუფი იმ 80-90-კაციანი ნაკადის ნაწილია, რომლებიც რუსეთიდან დეპორტირებულ იქნენ. 2025 წელს ეს პირები რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარზე მძიმე პირობებში, რადგან თბილისი მათ შემოსვლაზე უარს აცხადებდა. გასული წლის აგვისტოში 65 მათგანი უკრაინაში დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას პირთა მიმართ უყურადღებობის შესახებ. უწყების განმარტებით, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამისი ქვეყნის საელჩოსთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ საზღვარზე მყოფთათვის აუცილებელი საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ამჟამად ოფიციალური თბილისი აგრძელებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მიზანი 17 პირის უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებაა საკუთარ სამშობლოში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.