საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „არანაირი გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება მანამ არ უნდა მოხდეს, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ფუნდამენტური თავისუფლებების გამო დაკავებულ პირებს.
პოლიტიკური პატიმრები როგორც ტესტი
Freedom House-ის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც მკაფიო ტესტი იმისა, თუ რამდენად არის მზად საქართველოს მთავრობა ვაშინგტონთან რეალური დიალოგისთვის. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებშია საქართველოს დემოკრატიულ სივრცეში შენარჩუნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ მმართველი პარტიის პირობებით უნდა წარიმართოს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები მკვეთრად გაიზარდა. ქართველი უფლებადამცველების მონაცემებით, დღეისთვის 113 ადამიანია თავისუფლებააღკვეთილი, რაც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად. მათგან 58 სასჯელს იხდის, 55 კი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
რეპრესიები და გეოპოლიტიკური ვექტორი
Freedom House-ის თქმით, ქართული ოცნების მთავრობა ცდილობს, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არასტაბილურობის წყაროდ წარმოაჩინოს, პარალელურად კი აფართოებს კავშირებს ჩინეთთან და ირანთან. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სანქციების გვერდის ავლის სქემებსა და რუსეთის ხელისუფლებასთან შესაძლო კავშირებზეც.
სტატიაში ჩამოთვლილია რეპრესიების მსხვერპლთა ნაწილი, მათ შორის აქტივისტები, ხელოვანები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა სასამართლო და პროკურატურა, აქტიურად გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
აშშ-ის პასუხისმგებლობა
Freedom House-ი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მოახდინოს რეპრესიების ნორმალიზება. ორგანიზაცია ვაშინგტონს მოუწოდებს, გააგრძელოს პასუხისმგებელი პირებისათვის ფასის დაკისრება, რაც მოიცავს სანქციებს, სავიზო აკრძალვებსა და მიზნობრივ ზომებს იმ მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას უწყობენ ხელს.
„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილებოდეს როგორც მინიმალური, და არა საბოლოო მოთხოვნა“, — ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ განვითარებას და აშშ-ის პოლიტიკამ სწორედ ამ მისწრაფებებს უნდა უპასუხოს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.