ჩენდლერის ინსტიტუტმა 2026 წლის „კარგი მთავრობის ანგარიში“ გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღის მიმართულებით მაღალი შეფასება მიიღო. 100-პროცენტიანი სისტემით, საქართველოს ხელისუფლებამ 68.7% დააგროვა.
ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 26-ე პოზიციაზეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
ევროპული პოზიციები და კონკურენტუნარიანობა
რეიტინგის თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მე-18 ადგილს იკავებს. კვლევის მონაცემებით, სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს, მათ შორის: იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთსა და რუმინეთს.
რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობიან: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის ხარისხი, მმართველობის გამჭვირვალობა და მმართველობითი რეგულაციები.
რას ნიშნავს „კარგი მთავრობა“ ჩენდლერის ინსტიტუტისთვის?
„ეფექტიანი და თანმიმდევრული კანონები და საჯარო პოლიტიკა აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი და აყვავებული ქვეყნისთვის. კანონები ადგენენ თამაშის წესებს სოციალური და ეკონომიკური საქმიანობისთვის“, — აღნიშნულია ინსტიტუტის ანგარიშში.
ორგანიზაციის განმარტებით, პრინციპული და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა პირდაპირ კავშირშია როგორც ინვესტორების ნდობასთან, ისე საზოგადოების კეთილდღეობასთან. კარგ მთავრობებს ახასიათებთ დაბალანსებული, ინკლუზიური და ეფექტური პოლიტიკის შემუშავების პროცესები.
მეთოდოლოგია
აღნიშნული რეიტინგის მომზადებისას გამოყენებულია რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები. მათ შორისაა:
- მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი (World Justice Project);
- მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი;
- მსოფლიო ბანკი;
- „ღია საბიუჯეტო პარტნიორობა“;
- TRACE International-ის „მექრთამეობის რისკის მატრიცა“.
ეს კვლევა წარმოადგენს ერთგვარ ინდიკატორს იმისა, თუ როგორ აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პროცესებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.