სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისი განცხადებით, ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და რესპუბლიკის შემდგომ განვითარებას.

ფაშინიანმა მკაცრი შეფასება მისცა ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც მან „სამთავიანი ომის პარტია“ უწოდა. პრემიერის თქმით, ეს დაჯგუფება, რომელიც მოიცავს „ძლიერი სომხეთის“, „სომხეთის“ ბლოკებსა და პარტია „აყვავებულ სომხეთს“, დამარცხებულია.

„სომხეთის ხალხმა ნათლად დააფიქსირა პოზიცია, რომ ეს ე.წ. ომის პარტია და მასთან დაკავშირებული კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა ქვეყნიდან უნდა აღმოიფხვრას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ეს შედეგი საბოლოო არ არის, რადგან მთავრობის წინაშე დგას ამოცანა, დაუყოვნებლივ და გადამწყვეტი ნაბიჯებით გაწმინდოს პოლიტიკური ველი მსგავსი სისტემებისგან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროცესი პოლიტიკური უმრავლესობის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“. სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის დაკომპლექტების მანდატი.

„სამოქალაქო კონტრაქტი“ ჩამოაყალიბებს მთავრობას და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უახლოეს პერიოდში დეტალურად განვიხილოთ სამომავლო ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.