საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციული კანონმდებლობის რეფორმას იწყებს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფიქტიური ქორწინება საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება.

ცვლილებები შეეხება იმ პირებს, რომლებიც ქორწინებას მხოლოდ ბინადრობის ნებართვის, მოქალაქეობის ან საქართველოში დარჩენის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით გამოიყენებენ.

რა სასჯელი ელოდებათ დამრღვევებს?

კანონპროექტი სანქციების ფართო სპექტრს ითვალისწინებს. ფიქტიურ ქორწინებაში მხილებულ უცხოელებს შესაძლოა ქვეყნიდან დეპორტაცია შეეხოთ, რასაც თან დაერთვება საქართველოში ხელახალი შემოსვლის აკრძალვა ორიდან ათ წლამდე ვადით.

ალტერნატიულ სასჯელებს შორის განიხილება ჯარიმა, შინაპატიმრობა ერთი ან ორი წლის ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება იმ უცხოელებსაც, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიან — კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, პატიმრობა შესაძლოა დეპორტაციითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით შეიცვალოს.

ბინადრობის ახალი კატეგორია და სპეციალური კომისია

საკანონმდებლო პაკეტი აწესებს ბინადრობის ნებართვის ახალ კატეგორიას საქართველოს მოქალაქის მეუღლეებისთვის. ეს ნებართვა გარდამავალ ეტაპად ჩაითვლება მუდმივი ბინადრობის მოპოვებამდე.

შსს-ს განმარტებით, ნებართვის გაცემამდე ქორწინების ნამდვილობა მკაცრად შემოწმდება. ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად შეისწავლის.

მიგრაციული კონტროლის გამკაცრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი დამატებით უფლებამოსილებებს მიიღებს. უწყებას შეეძლება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება, რაც, სამინისტროს თქმით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ეფექტიანობას გაზრდის.

ცვლილებები შეეხება სასამართლო პროცედურებსაც: სააპელაციო ვადები შემცირდება, დაინერგება დაჩქარებული განხილვის მექანიზმები, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს.

ინიციატივა იუსტიციისა და განათლების სამინისტროებთან კოორდინაციით მომზადდა. მიზანი ქვეყანაში უცხოელთა ყოფნის რეგულირების უფრო უსაფრთხო და გამჭვირვალე სისტემის შექმნაა.