შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პროცესების მართვისთვის მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა. უწყების მიზანი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერება და არალეგალური მიგრაციის პრევენციაა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებები პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს ეფუძნება.
სასწავლო ბინადრობა და ენობრივი ცენზი
ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სასწავლო ბინადრობის ნებართვებია. დარახველიძის თქმით, ეს ინსტრუმენტი ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ახალი რეგულაციით, უცხოელი სტუდენტებისთვის ენობრივი ბარიერის ცენზი წესდება.
ამასთან, მთავრობა დაადგენს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად ჩაითვლება. დაწესდება კონკრეტული აკრძალვები იმ პირებისთვის, რომლებიც სასწავლო ბინადრობის უფლებას ბოროტად გამოიყენებენ.
ფიქციური ქორწინება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
საკანონმდებლო პაკეტი პირდაპირ ეხება ფიქციურ ქორწინებებსაც. კერძოდ, დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ისეთი ქორწინება, რომლის მიზანიც ქვეყანაში ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვებაა. ეს ნაბიჯი მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საიმიგრაციო მიზნით ფიქციურ კავშირებს ამყარებენ.
შსს-ს ახალი უფლებამოსილებები
ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქციებს. უწყებას ენიჭება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება. ეს მექანიზმი დეპარტამენტს საშუალებას მისცემს, არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა ოპერატიულად გამოავლინოს.
გარდა ამისა, იცვლება ადმინისტრაციული წარმოების პროცესებიც. ხშირად ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩენის მცდელობად. ამ პრაქტიკის აღსაკვეთად, კანონმდებელი ამარტივებს გასაჩივრების ვადებსა და წარმოების პროცედურებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.