თბილისის ცენტრში, ისტორიულ „ღვინის ქარხანა №1“-ში უნიკალური ენოთეკა გაიხსნა. სივრცე, რომელიც XIX საუკუნის არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია, საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

ისტორიული საგანძური

ენოთეკაში დაცული კოლექცია დაახლოებით 20 ათას ბოთლს აერთიანებს. ექსპონატებს შორის არის როგორც ქართული, ისე უცხოური პრემიუმ კლასის ღვინოები და სპირტიანი სასმელები. ზოგიერთი მათგანი ორ საუკუნეზე მეტი ხნისაა.

კოლექციაში დაცულია ისტორიული ფიგურების სახელებთან დაკავშირებული ნიმუშები. მათ შორის არის ნაპოლეონ ბონაპარტისა და იოსებ სტალინის კუთვნილი თუ მათთან დაკავშირებული ღვინის ბოთლები.

სამომავლო გეგმები და კვლევა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ენოთეკა ღვინის ეროვნულ სააგენტოს უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. უახლოეს პერიოდში დაიწყება თითოეული ბოთლის დეტალური იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის ზუსტი დადგენა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს პროცესი საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოს, საერთაშორისო ასპარეზზე ახალი კუთხით წარმოაჩენს. მიზანია, კოლექციის ნიმუშები მსოფლიოს მასშტაბით გამართული მსხვილი აუქციონების მთავარი ლოტები გახდეს.

„ეს უნიკალური სივრცე ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს ინახავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოს მნიშვნელობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართული ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო სააუქციონო სახლებისა და ღვინის სამყაროს გავლენიანი ფიგურები, მათ შორის „შატო იკემის“ პრეზიდენტი პიერ ლურტონი.