თბილისის ე.წ. N1 ღვინის ქარხნის ისტორიულ სარდაფებში დაცული ათასობით უნიკალური ბოთლი მალე საერთაშორისო აუქციონებზე გამოჩნდება. ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე შეუდგა მასშტაბურ კვლევას, რათა იდენტიფიცირებული იქნას თითოეული ეგზემპლარი და დადგინდეს მათი წარმომავლობა თუ კოლექციური ღირებულება.

რა ინახება სარდაფებში?

საუბარია დაახლოებით 20 ათას ბოთლზე, რომელთა ნაწილიც ისტორიულ ფიგურებთან არის დაკავშირებული. კოლექციაში გვხვდება ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ნაპოლეონ ბონაპარტს, რუსეთის იმპერატორებს — ალექსანდრე III-სა და ნიკოლოზ II-ს, ასევე იოსებ სტალინს უკავშირდება. გარდა ამისა, სარდაფებში ინახება ბაგრატიონ-მუხრანელების შამპანური და მე-19 საუკუნის იშვიათი კონიაკები.

კოლექციის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება, როდესაც ცნობილმა მეცენატმა და კონიაკის იმპერიის ფუძემდებელმა, დავით სარაჯიშვილმა ვერაზე N1 ღვინის ქარხანა ააშენა. თავის დროზე ეს კომპლექსი ყველაზე თანამედროვე საწარმოდ ითვლებოდა.

ლეგენდა თუ რეალობა?

კოლექციას ათწლეულების განმავლობაში მისტიკური რეპუტაცია თან სდევს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქური ლეგენდის თანახმად, ნაპოლეონის კონიაკები თბილისში 1812 წლის ომის შემდეგ მოხვდა, როდესაც მოსკოვიდან უკანდახეული ფრანგული არმიის კოლონა ხელში ჩაიგდეს. თუმცა, ამ ისტორიის დოკუმენტური დასტური ამ დრომდე არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კოლექცია დაახლოებით 120 ათას ბოთლს ითვლიდა. ომებმა, რევოლუციებმა და საბჭოთა პერიოდმა კოლექციის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, თუმცა დაახლოებით მესამედის შენარჩუნება მაინც მოხერხდა.

მსოფლიო ყურადღების ცენტრში

პროექტის პრეზენტაციას უკვე დაესწრნენ მსოფლიოს წამყვანი აუქციონების სახლების წარმომადგენლები და კოლექციონერები. მათ შორის იყო ფრანგული ღვინის მეურნეობის, Château d’Yquem-ის პრეზიდენტი პიერ ლურტონიც. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს კოლექცია „კულტურული დიპლომატიის“ მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, მიმართ საერთაშორისო ყურადღებას გაზრდის.

დღეს N1 ღვინის ქარხანა საზოგადოებრივ სივრცედ არის გარდაქმნილი, თუმცა ისტორიული სარდაფი, სადაც ტემპერატურა მუდმივად 18 გრადუსზე ნარჩუნდება, კვლავ ინახავს წარსულის უნიკალურ მემკვიდრეობას.