შინაგან საქმეთა სამინისტროში წესრიგი მოშლილია, რასაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მოჰყვა. ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჭანტურიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სისტემა მოქალაქეების უსაფრთხოების ნაცვლად, მათი დევნისა და დაშინების ინსტრუმენტად იქცა.
ჭანტურიამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი მძიმე ინციდენტების სია წარადგინა, რაც, მისი შეფასებით, ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. მან ხაზი გაუსვა ისეთ ტრაგიკულ ფაქტებს, როგორიცაა თბილისში ავარიის შედეგად კურიერის გარდაცვალება, მოზარდების სიცოცხლის ხელყოფა, მკვლელობები სენაკში, რუსთავში, ბოლნისსა და ბათუმში, ასევე ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები.
„ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ შსს-ს პრიორიტეტი არა კრიმინალთან ბრძოლა, არამედ „ოცნების“ პარტიული ინტერესების დაცვაა“, — განაცხადა ჭანტურიამ. მისი თქმით, სამართალდამცველები ტროტუარზე მყოფი მოქალაქეების დაკავებით, მშვიდობიანი ადამიანების დაშინებითა და სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტების მონიტორინგით არიან დაკავებულნი.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მარტის აქციების შემდეგ, როდესაც ძალადობის მონაწილეები, მის თქმით, წაახალისეს, უწყებაში რეალური წესრიგი მოიშალა. ჭანტურიამ მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან მისი მტკიცებით, სამართალდამცავი სისტემა ამჟამად თავის პირდაპირ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.