ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება ქვეყანაში არსებულ რიტორიკას დამოუკიდებლობის 35 წლისთავთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ოფიციალური თარიღების არასწორი ინტერპრეტაცია საზოგადოების, ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან შემაშფოთებელია.

ისტორიული მეხსიერება და 1918 წელი

ფოფხაძე კატეგორიულად უარყოფს დამოუკიდებლობის 35-წლიან ათვლას და მკითხველს შეახსენებს 1918 წლის ისტორიულ ფაქტს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, 1918 წელს გამოცხადდა.

„აბა რაის დამოუკიდებლობის 35 წელი კაცო, თქვენ ხო არ უბერავთ? კაი ისტორია არ იცით, მათემატიკა და თვლა არ იცით, მარა ის მაინც არსად გაგიგიათ, 1918 წელს რომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ნოე ჟორდანიამ?“ – წერს ფოფხაძე.

ქრისტიანობის გავრცელება და წმინდა ნინო

გარდა პოლიტიკური ისტორიისა, გიორგი ფოფხაძე საუბრობს საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის ქრონოლოგიაზეც. ის ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა შემოიტანეს.

„წმინდა ნინოს საქართველოში ქრისტიანობა არ შემოუტანია. ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველივე საუკუნეში, იესოს ორმა მოწაფემ შემოიტანა. წმინდა ნინომ კი გააკეთა ის, რომ მისი ქადაგების შედეგად ქართლი მოექცა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა“, – განმარტავს ჟურნალისტი.

ფოფხაძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ მოიხსენიება წმინდა ნინო მოციქულთა სწორად. მან ასევე გაიხსენა სვიმონ კანანელის საფლავი ახალ ათონში და მატათა მოციქულის საფლავი გონიოში, როგორც ისტორიული მტკიცებულებები.

კრიტიკა საზოგადოებისადმი

სტატიის ბოლოს ავტორი გულისტკივილს გამოხატავს ქვეყანაში არსებული ზოგადი ვითარების გამო. ის მკაცრად აკრიტიკებს პოლიტიკურ სპექტრს და მედიას, რომლებიც, მისი აზრით, ისტორიულ რეალობას არასწორად წარმოაჩენენ.

„ვახ, ამდენს ერთდროულად ხელისუფლებიან-ოპოზიციიანად როგორ იტანს ეს ქვეყანა რაა“, – აჯამებს გიორგი ფოფხაძე თავის მიმართვაში.