„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე ოპოზიციური კამპანიის სტრატეგიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის გეგმაზე, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციური აქციების სცენარსა და შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

სლოგანი „საქართველო იმსახურებს უკეთესს“

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კამპანიის მთავარი გზავნილი – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ – არ არის უცხოელი კონსულტანტის მიერ თავსმოხვეული იდეა. მისი თქმით, ეს სლოგანი 200-კაციან შეხვედრაზე განიხილეს და ის პირდაპირ ამომრჩეველთან კომუნიკაციიდან მოდის.

„ეს სლოგანი განვიხილეთ 200-კაციან შეხვედრაზე. მეტროებთან რომ ვიდექით და ხალხს ვხვდებოდით, მათგან მოდის ეს მოთხოვნა. არ ვიმსახურებთ მართლა უკეთესს?“, – აცხადებს ვაშაძე.

ბლაჟევიჩის გეგმა და ოპოზიციის აქტივობები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გამართულ აქციებზე პროცესები ზუსტად იმ გეგმის მიხედვით განვითარდა, რომელიც იგორ ბლაჟევიჩმა გაწერა. წყაროების თანახმად, სწორედ კონსულტანტის მითითებით დაიგეგმა საზაფხულო კამპანიის დაწყებაც.

ვაშაძე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ოპოზიციას საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს. მისი თქმით, მომავალში აქციების მასშტაბი და ინიციატივები კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენ წინასწარ ვთქვით, რას და როგორ ვაპირებდით. გაცილებით მეტი გვქონდა დაგეგმილი აპარატურა, ნორმალურად რომ შეგვეტანა. შეეშვით ამ ტყუილებს“, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისთვის და აღნიშნა, რომ მონაწილეთა რაოდენობა მის მოლოდინს გადააჭარბა.