გორში მომხდარი ინციდენტი, სადაც ათზე მეტი პოლიციელი ორ მოქალაქეს – პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, სამართლებრივი დავის საგანი გახდა. 27 მაისს გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რასაც პროკურატურის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
პროკურატურის გადაწყვეტილება
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 28 მაისს 6 პოლიციელი დააკავა. მათ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში ედებათ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავების პროცესში პოლიციელების ქმედებებმა დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება და მისი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
შსს-ს პოზიცია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი მტკიცებით, პაპუნა ლოცულაშვილი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ერთ-ერთ სამართალდამცველს ქვით ჯანმრთელობა დაუზიანა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ლოცულაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაზარალებულთა მხარე
დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი აცხადებს, რომ მას და მის მეგობარს კონფლიქტის მიზეზი არ ესმით. აბისონაშვილის თქმით, ლოცულაშვილი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია და წარსულში კანონთან პრობლემები არ ჰქონია. მისი განცხადებით, ინციდენტის დროს მათ ცივი იარაღი არ ჰქონიათ.
ლაშა აბისონაშვილის დედის, ნინო ელიკაშვილის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოცულაშვილმა, სამსახურში დაბრუნებისას, პოლიციელებს მანქანის არასწორად გაჩერების გამო შენიშვნა მისცა. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, დაზარალებულს აღენიშნება ნეკნის მოტეხილობა, თავის ტრავმა, სისხლნაჟღენთები და სხვა დაზიანებები.
სამინისტროს მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე, – განაცხადა დარახველიძემ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.