„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ბოლოდროინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. გვარამიამ კოლეგას მოუწოდა, რომ პარტიამ „ყველას და ყველაფრის გინება“ შეწყვიტოს და ალიანსის საქმიანობაში რეალურად ჩაერთოს.

გვარამიას თქმით, მას მხოლოდ გაუხარდება, თუ ბოკუჩავა შეძლებს „დისფუნქციური ორგანიზმის“ რეალურ, მოქმედ გუნდად გარდაქმნას. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში უფრო აქტიურად იქნება ჩართული და არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე სიტყვით გამოსვლის სურვილით.

„იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც“, – წერს გვარამია.

ოპოზიციონერმა ლიდერმა განსაკუთრებული კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ახალში“ არსებულ „ტურბულენციაზე“ საუბრის გამო გამოთქვა. გვარამიას შეფასებით, მსგავსი კრიტიკა იმ პარტიისგან, სადაც ბოლო წლებში თავმჯდომარეები სკანდალურად იცვლებიან, არასერიოზულია.

შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმამ იგი გააკვირვა. ბოკუჩავამ მომხდარი „ახალში“ არსებულ შიდაპარტიულ პროცესებსა და ტურბულენციას დაუკავშირა.

ბოკუჩავას თქმით, ის კარგად აცნობიერებს, რა არის გასაკეთებელი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რათა პარტია კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს. თავის მხრივ, გვარამიამ ასევე უარყო თამარ ბაღაშვილის კომენტარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის თემას ეხებოდა და მას სინამდვილესთან შეუსაბამო უწოდა.