საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის, ე.წ. IV მუხლის კონსულტაციების ანგარიში დაასრულა. ფონდის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მყარია, რაც ქვეყანაში გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ეკონომიკური ზრდა და პროგნოზები

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეხუთე წელია, რაც პანდემიამდელ ტენდენციებს მნიშვნელოვნად აღემატება. სავალუტო ფონდი პოზიტიურ მოლოდინებს ინარჩუნებს და 2026 წლისთვის ეკონომიკის 6.5-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.

ფონდი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მათ შორის მაისში განხორციელებული ზომები, მიზანშეწონილი იყო. ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა შემდგომი ნაბიჯებისთვის, თუ ინფლაციური წნეხი ხანგრძლივი აღმოჩნდება.

დედოლარიზაცია და საბანკო სექტორი

სსფ ხაზს უსვამს, რომ გონივრულმა მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას. დეპოზიტების დოლარიზაციის კლება ბაზრის ნდობის ზრდითა და აშშ დოლარის საერთაშორისო შესუსტებით არის განპირობებული.

საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღია. ბანკები კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი არიან, ხოლო პრობლემური სესხების წილი დაბალ დონეზე ნარჩუნდება.

საგარეო სექტორის გაძლიერება

2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა. ამ შედეგს ხელი შეუწყო:

  • მომსახურების ექსპორტის (ICT და ტურიზმი) ძლიერმა ზრდამ;
  • ნავთობის დაბალმა ფასებმა;
  • საქონლის იმპორტის ზომიერმა ტემპმა.

2026 წლის აპრილისთვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლის 102 პროცენტს უტოლდება. ეს მაღალი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ წინა წლებში განხორციელებული 3 მილიარდ დოლარზე მეტი წმინდა შესყიდვების შედეგია.

ინფლაციის მოლოდინები

სსფ-ის პროგნოზით, ინფლაცია პიკს 2026 წლის შუა პერიოდში მიაღწევს, რაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდას უკავშირდება. თუმცა, აღნიშნული დროებითია და შემდგომში ფასების ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუბრუნდება 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს.