სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი, ხათუნა გოგუა აცხადებს, რომ თანამდებობიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, ოფიციალურ მიზეზად აუდიტის დასკვნა დასახელდა, თუმცა რეალური მოტივი პოლიტიკური აქტიურობა იყო.

გოგუას განმარტებით, აუდიტის დასკვნაში ასახული დარღვევები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენება ალოგიკურია. მან კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.

„60 გრამამდე მარილი და 400 გრამამდე კარაქი დამაკლდა მთელი წლის განმავლობაში. ეს შეიძლება სასწორზე აწონვისას ან ყუთთან მუშაობისას დაიკარგოს. სხვა გარღვევა არ მქონია“, — განაცხადა ხათუნა გოგუამ.

ყოფილი დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ის არცერთ პარტიასთან არ თანამშრომლობს. მისი თქმით, აქციებზე გამოსვლა საკუთარი პოზიციის გამოხატვა იყო, რომელიც ძალადობრივ მოვლენებს უკავშირდება.

„არჩევნების შემდეგ, როდესაც თბილისში ახალგაზრდების დევნა და ცემა დაიწყო, გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მე მყავს 22-23 წლის შვილები და არ მომწონს ისეთი საქართველო, სადაც აქციაზე გამოსვლის გამო ბავშვებს სცემენ. ეს იყო ჩემი არჩევანი“, — აღნიშნა მან.

გოგუას თქმით, მისი სამოქალაქო აქტიურობა პირდაპირ კავშირშია იმ მოვლენებთან, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ის ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ ამ აქტიურობის საპასუხო ნაბიჯი იყო.