შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დასასწრებად აშშ-ში იმყოფებოდნენ, ბოსტონში უჩვეულო იღბალი გამოსცადეს. ბონირიგის მკვიდრმა ორმა ოჯახმა — პიტერ და პოლ ინესებმა და ჯონ და როს ჰენდერსონებმა — „Boston Red Sox“-ის 50/50 ლატარიაში გამარჯვება მოახერხეს.
შემთხვევა ლეგენდარულ სტადიონ „Fenway Park“-ში მოხდა. შოტლანდიელები ქალაქში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც სტივ კლარკის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ჰაიტი დაამარცხა. მათ გადაწყვიტეს, „Red Sox“-ისა და „Texas Rangers“-ის თამაშს დასწრებოდნენ და მცირე თანხით, 40 დოლარად, ლატარიის ბილეთი შეიძინეს.
გამარჯვების შესახებ ინფორმაციამ გულშემატკივრები თავზარი დასცა. როგორც პოლ ინესმა აღნიშნა, ნომრების შემოწმება დაახლოებით 250-ჯერ მოუწიათ, სანამ დაუჯერებელ ფაქტს სრულად გაიაზრებდნენ. მათ მიერ მოგებულმა საერთო თანხამ 21,353.80 დოლარი შეადგინა.
ლატარიის წესების თანახმად, მოგებული თანხის ნახევარი „Red Sox“-ის ფონდს გადაეცემა, დარჩენილი ნაწილი კი გამარჯვებულებს ერგებათ. შესაბამისად, ოთხეულმა 10,676.90 დოლარი (დაახლოებით 8,066 ფუნტი) მიიღო. ჩეკი მათ ოფიციალურად გადაეცათ „Toronto Blue Jays“-თან მატჩის წინ.
„ეს ყველაფერი არარეალურად ჟღერს, ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა“, — განაცხადა პოლ ინესმა, რომელიც მამასთან ერთად შოტლანდიის ნაკრებს ათ წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით თან დაჰყვება. ჯონ ჰენდერსონმა კი დასძინა, რომ ეს მოგზაურობა მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
„Red Sox“-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ არ ახსოვთ შემთხვევა, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე გამხდარიყო მათი ლატარიის გამარჯვებული. კლუბი ამჟამად არქივებს სწავლობს, რათა დაადასტუროს, იყო თუ არა ეს პირველი საერთაშორისო ტრიუმფი ამ გათამაშების ისტორიაში.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.