საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია და ხელისუფლება ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, ქვეყანა კვლავ მეგობრობის რეჟიმში რჩება.
ჭეიშვილის განმარტებით, ლუქსემბურგში ვიზიტისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს პოზიციების დათმობას. საუბარია მხოლოდ დიალოგის ფორმატის აღდგენასა და სამუშაო პროცესის დაძვრაზე.
„ევროკავშირისთვის კარი არ გამოგვიკეტავს. ნიკოლოზ სამხარაძემ ითხოვა შუამავლობა, რათა დიალოგის პროცესი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ არა მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, არამედ ნებისმიერი საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებას გააჩნია არგუმენტები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დისკუსია უნდა წარიმართოს ამ სამართლებრივი აქტის ფონზე სამომავლო ურთიერთობების ფორმატზე.
ჭეიშვილმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე რაიმე სახის დათმობებზეა საუბარი. მან განმარტა, რომ პროცესი მიზნად ისახავს საჯარო მსჯელობას და არა კომპრომისებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ყოფნისას განაცხადა, რომ ლუქსემბურგის მხარეს საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხის ევროკომისიასთან დაყენება სთხოვეს. სწორედ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დასახელდა იმ ფორმალურ მიზეზად, რამაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერება გამოიწვია.
ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი კვლავ ელოდება კონსტრუქციულ თანამშრომლობას და მზადაა, ევროპელ პარტნიორებს საკუთარი არგუმენტები კიდევ ერთხელ წარუდგინოს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.