მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური კოლუმბიისა და უზბეკეთის ნაკრებების დაპირისპირებით დაიხურა. მატჩი კოლუმბიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა, თუმცა შეხვედრა ისტორიული გამოდგა უზბეკეთისთვისაც.

მატჩის პირველ ნახევარში კოლუმბიის ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა. „ლოს კაფეტეროსი“ მოედანზე დომინირებდა, რამაც შედეგი მე-40 წუთზე გამოიღო. ლუის დიასის ზუსტი გადაცემით დანიელ მუნიოსმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში უზბეკეთის ნაკრებს გაუჭირდა. გუნდმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც არაზუსტად, ბურთის ფლობის მაჩვენებელი კი მხოლოდ 28 პროცენტს შეადგენდა.

მეორე ნახევარი გაცილებით დრამატული გამოდგა. მე-60 წუთზე ისტორიული მომენტი დადგა — უზბეკეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ფაბიო კანავაროს გუნდის რიგებში აბოსბეკ ფაიზულაევმა გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, კოლუმბიამ უპირატესობა მალევე დაიბრუნა. გაშვებული გოლიდან სულ რაღაც ხუთ წუთში, 65-ე წუთზე, ლუის დიასმა თავად აიღო უზბეკთა კარი და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

მატჩის საბოლოო წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-8 წუთზე დაისვა. შეცვლაზე შემოსულმა ხამინტონ კამპასმა თავური დარტყმით უზბეკეთის კარი აიღო და საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა. ბოლო წამებზე უზბეკეთს ანგარიშის შემცირების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.

ამ გამარჯვებით კოლუმბიამ სამი ქულა მოიპოვა და K ჯგუფში გალიდერდა. „ლოს კაფეტეროსი“ მომდევნო შეხვედრას 24 ივნისს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართავს.