სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დაადასტურა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ირაკლი ჩიხლაძეა. უწყების განცხადებით, ჩიხლაძე ონლაინპლატფორმის გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა და სადაზვერვო ქსელს მართავდა.

ვინ არის ირაკლი ჩიხლაძე?

საჯარო წყაროების მიხედვით, ირაკლი ჩიხლაძე ინტერნეტგამოცემა „ახალი კავკასიის“ თანამშრომელი იყო. პლატფორმაზე მისი ავტორობით არაერთი მასალა იძებნება. დაკავებულის მეუღლის, მაია ნებიერიძის თქმით, ჩიხლაძე სხვადასხვა პროექტში იყო ჩართული და მუშაობდა როგორც რედაქტორი, თარჯიმანი და ჟურნალისტი. ნებიერიძე ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე რუსულ პროექტებში არ მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა. 30 წლის გიგა ჩიხლაძე, რომელიც ტელეკომპანია „ალანიას“ რედაქტორი იყო, ფოტოგრაფ ალექსანდრე კლიმჩუკთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის შესასვლელთან ჩაცხრილეს.

სუს-ის ბრალდებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისგან მიღებულ დავალებებს ასრულებდა. უწყების ინფორმაციით, მისი საქმიანობა მოიცავდა:

  • სადაზვერვო ქსელის წევრების საქმიანობის კოორდინაციას.
  • ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.
  • სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას ქსელის წევრებს შორის.
  • ქსელის წევრებისთვის დავალებების მიცემასა და შესრულების კონტროლს.

სუს-ის განცხადებით, დაკავებული ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, თუმცა უწყებას კონკრეტული სახელმწიფოები არ დაუსახელებია. აღნიშნულ დაკავებამდე სულ რაღაც სამი საათით ადრე, სუს-მა პრორუსი აქტივისტის, გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.