ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ორშაბათს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება. ალიანსის წევრი ქვეყნები რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტს განიხილავენ.

პოლონეთის პოზიცია და მოლოდინები

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები ალიანსისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან. შეხვედრაზე პოლონეთს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი წარადგენს.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ვარშავა ალიანსისგან აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის გაძლიერებას ელოდება.

„უახლოეს პერიოდში ნატოს მოკავშირეებისგან მივიღებთ ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის დაცვას გააძლიერებს! ორშაბათს, ნატოს შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც კონკრეტულ წინადადებებს წარვადგენთ და მოქმედების ახალ შესაძლებლობებს განვსაზღვრავთ“, - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების ახალ შესაძლებლობებსა და იმ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც პოლონეთმა ალიანსს უნდა წარუდგინოს.