„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ხელისუფლებისგან პოლიციაში წამების ფაქტებზე ყველა პასუხისმგებელი პირის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს. საუბარია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც, კუპრაძის თქმით, ძალოვანი უწყების თანამშრომლები მოქალაქეებს სასურველი ჩვენების მიღების მიზნით აწამებენ.
კუპრაძე საზოგადოებას დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ სისტემური პრობლემა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ჩამოყალიბდა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ და აწამებენ მიყრუებულ ადგილებში ან პოლიციის შენობებში. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ხდება საჯარო, როცა ვინმე ახერხებს მის გადაღებას,“ — განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ არსებობს ათასობით მსგავსი შემთხვევა, რომელიც მტკიცებულებების არარსებობის გამო არ გახმაურებულა. კუპრაძემ გაიხსენა წარსულში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები, მათ შორის დემურ სტურუასა და თემურ აბზიანიძის საქმეები, და აღნიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი სისტემურ ხასიათს ატარებს.
გავრცელებული ვიდეომასალა, სავარაუდოდ, 2022 წელს მომხდარ ფაქტებს ასახავს. კუპრაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ პოლიციელები სისტემაში წლების განმავლობაში რჩებოდნენ, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ღრმაა პრობლემა ძალოვან უწყებებში. მისი თქმით, თებერვალში პოლიციელების დაკავება იმის ნიშანია, რომ უწყებებს ინფორმაცია მტკიცებულებების გაჟონვის შესახებ უკვე ჰქონდათ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს. დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ სამოქალაქო პროტესტით. ეს ძალადობრივი სისტემა უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, რათა მომავალი თაობები იყვნენ დაცულები,“ — დასძინა ირაკლი კუპრაძემ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.