ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მეჰდი ტაჯს ვიზის გაცემაზე ოფიციალური უარი განუცხადა. ინფორმაციას The New York Times ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული მონაცემებით, ირანის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა 26-მა ფეხბურთელმა აშშ-ში შესასვლელი ვიზები უკვე მიიღო. ისინი 11 ივნისს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. თუმცა, ნაკრების აპარატისა და ფედერაციის 10-ზე მეტ წარმომადგენელს ვიზები ამ დრომდე არ მიუღია, ზოგიერთ მათგანს კი უარი ოფიციალურად ეთქვა.
მეჰდი ტაჯი, რომელიც ირანის ფეხბურთის ფედერაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, წარსულში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ოფიცერი იყო. აღნიშნული ორგანიზაცია აშშ-ის მიერ ტერორისტულად არის გამოცხადებული, რაც, სავარაუდოდ, ვიზის გაცემაზე უარის თქმის მთავარი მიზეზია.
ირანულმა სააგენტო Fars-მა დაადასტურა, რომ ნაკრების პერსონალის ნაწილი კვლავ ვიზების მოლოდინშია. სამხრეთ აფრიკაში ირანის საელჩომ სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, რომ ფიფას ვალდებულება ყველა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლისთვის ჩემპიონატზე დასწრებისა და ვიზების უზრუნველყოფაა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ირანის ნაკრები პირველ მატჩს 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ვითარება ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბულია. 6 ივნისს, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა, აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა. ირანმა ქუვეითის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაუშვა, რასაც საპასუხოდ აშშ-ის მხრიდან ირანული სანაპირო რადარების დაბომბვა მოჰყვა. ირანმა ასევე სცადა ჰორმუზის სრუტეში დრონების გამოყენებით გემებზე შეტევა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.