სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 2005 საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს დილის 08:00 საათიდან მასპინძლობს. ხმის მიცემის პროცედურა საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2 485 851 მოქალაქეს აქვს. ახლად არჩეული ეროვნული ასამბლეა კანონმდებლობის შესაბამისად, მინიმუმ 101 დეპუტატით უნდა დაკომპლექტდეს. პარლამენტში მოხვედრისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა ხმების სულ მცირე 4%, ხოლო ალიანსებმა 8%-დან 10%-მდე ბარიერი უნდა გადალახონ.

ვინ იბრძვის მანდატებისთვის?

საპარლამენტო მანდატებისთვის 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი იბრძვის. ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორებით გამოდიან:

  • „სამოქალაქო შეთანხმება“ – პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია, რომელიც დასავლურ ორიენტაციასა და ევროკავშირთან დაახლოებას უჭერს მხარს.
  • „სომხეთის ალიანსი“ – ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიციური ძალა.
  • „ძლიერი სომხეთი“ – ახალი გაერთიანება, რომელიც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერ სამველ კარაპეტიანთან ასოცირდება და პრორუსულ კურსს ატარებს.
  • „აყვავებული სომხეთი“ – გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ პლატფორმაზე დგას.

აღსანიშნავია, რომ სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო პროცესს ბოიკოტს უცხადებს. ამასთან, ასპარეზზე არიან ისეთი ძალები, როგორებიცაა ყოფილი ომბუდსმენის, არმან თათოიანის მიერ დაფუძნებული „ერთობის ფრთები“ და ლევონ ტერ-პეტროსიანის „სომხეთის ეროვნული კონგრესი“.

რა მოხდება არჩევნების შემდეგ?

არჩევნების წინასწარი შედეგები 7 ივნისს, შუაღამის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით 2005 უბანზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. მმართველი პარტიის მთავარ ოპონენტებად სწორედ პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ჯგუფები რჩებიან.