ისრაელის ხელისუფლებამ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელთა ქალაქ ჰებრონის ცენტრში, ებრაული სკოლის გაფართოების პროექტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა ბეზალალ სმოტრიჩმა გაახმოვანა.

სმოტრიჩის თქმით, დამტკიცდა 1000 კვადრატული მეტრის ფართობის შენობის მშენებლობა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ქმედება ისრაელის მიწაზე „პრაქტიკული სუვერენიტეტის“ განმტკიცებას ემსახურება.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ისრაელის გადაწყვეტილება, გაეუქმებინა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პალესტინელთა მუნიციპალიტეტი ჰებრონის ისტორიული ცენტრის გარშემო დაგეგმარებასა და მშენებლობებს აკონტროლებდა.

ქალაქის ეს ნაწილი, სადაც „პატრიარქების მღვიმე“ მდებარეობს, განსაკუთრებული რელიგიური დატვირთვის მქონე ადგილია. აქ მუსლიმები, ებრაელები და ქრისტიანები ლოცულობენ.

„ჩვენ პრაქტიკაში ვაგრძელებთ ისრაელის მიწის მშენებლობას და დასახლებებში პრაქტიკული სუვერენიტეტის განხორციელებას“, — განაცხადა ბეზალალ სმოტრიჩმა.

ჰებრონში ამჟამად 1000-ზე მეტი ებრაელი მოსახლე ცხოვრობს, რომლებიც ათიათასობით პალესტინელთან ერთად, ისრაელის უსაფრთხოების სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. 1997 წლის ჰებრონის შეთანხმების თანახმად, ტერიტორიაზე ისრაელის ჯარებია განლაგებული, თუმცა მშენებლობებს პალესტინის მუნიციპალიტეტის თანხმობა სჭირდებოდა.

პალესტინური მხარე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ათწლეულების წინ მიღწეულ შეთანხმებას არღვევს. ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ 2024 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობა საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.

სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული აქტივობები ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას. მიუხედავად ამისა, ისრაელის ულტრამემარჯვენე მთავრობა ტერიტორიაზე ებრაული ყოფნის გაფართოებას კვლავაც აქტიურად აგრძელებს.