თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, ოპოზიციური ჯგუფები პოლიტიკურად არასრულფასოვანნი არიან და საკუთარი მოსაზრებების დამოუკიდებლად გამოხატვა არ შეუძლიათ.

კალაძის განმარტებით, ოპოზიცია მთლიანად საგარეო მითითებებზეა დამოკიდებული. ის მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანებები ცდილობენ, მაქსიმალურად მოერგონ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებულ გზავნილებს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი დღის წესრიგი ჰქონდეთ.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ისინი მთლიანად იმართებიან გარედან. რა მითითებებიც იქნება, ან კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ მას მოერგონ“, — განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფები ქართველი ხალხის რეალურ ინტერესებს აცდენილები არიან. მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ მართავს ოპოზიციას და რა მიზნები ამოძრავებთ მათ.

კალაძემ ასევე ისაუბრა პარლამენტის ბოიკოტირების საკითხზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება არასწორი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. მან აღნიშნა, რომ საბოლოო შეფასებას ამ ყველაფერს არჩევნების დროს ქართველი ამომრჩეველი აკეთებს.