კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დასრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა მიულოცა.

ღონისძიებაზე კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 464 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა. მათ, მიღწეული მაღალი აკადემიური შედეგების აღსანიშნად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

„დღეს ვაფასებთ იმ ახალგაზრდების შრომასა და მიღწევებს, რომლებმაც 12-წლიანი სასწავლო გზა წარმატებით გაიარეს. მათი მონდომება და მიზანდასახულობა დასაფასებელია“, — განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

დავით სონღულაშვილის თქმით, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდები ქვეყნის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენენ. მან მოსწავლეებს პროფესიული განვითარების შემდგომ გზაზე წარმატებები უსურვა.

წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება კახეთში 2022 წელს დაიწყო და უკვე ტრადიციულ სახეს ატარებს. ინიციატივის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წახალისება და რეგიონში განათლების პოპულარიზაციაა.

ცერემონიას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ასევე განათლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების პირველი მოადგილეები, პარლამენტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.