თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიაში გავრცელებული კადრები შეაფასა, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტები ჩანს. კალაძის განცხადებით, მომხდარი კატეგორიულად მიუღებელია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
კალაძის თქმით, სახელმწიფომ ფაქტის გამოვლენისთანავე მიიღო ზომები. გენერალურმა ინსპექციამ მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სამი პოლიციელი პასუხისგებაში მისცეს. მერი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერ გადაცდომას პოლიციის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება კანონისმიერი რეაგირება.
მერმა გააკრიტიკა ის მედიასაშუალება, რომელმაც კადრები გაავრცელა. კალაძის მტკიცებით, ტელევიზიას ინფორმაცია მანამდე ჰქონდა, თუმცა მისი გავრცელება მიზანმიმართულად დააგვიანა.
მისი თქმით, ამ ქმედების მიზანი საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევა იყო. კალაძემ აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალებები საკითხებით მანიპულირებენ.
„ვიცით მათი დღის წესრიგი - ყოველდღიური ტყუილი და ცილისწამება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძემ დასძინა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მედიის მხრიდან მიუღებელი პრაქტიკაა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.