თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გასული კადრები შეაფასა, რომლებშიც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული. კალაძის თქმით, აღნიშნული ქმედება „კრიტიკას ვერ უძლებს“.
კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფომ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. მისი განცხადებით, სამივე პოლიციელი, რომლებიც ვიდეომასალაში ფიგურირებენ, პასუხისგებაში უკვე მიცემულია. თბილისის მერმა ასევე გააკრიტიკა ტელეკომპანია და აღნიშნა, რომ მათ კადრები წინასწარ ჰქონდათ და მიზანმიმართულად არ გაავრცელეს, რათა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოეწვიათ.
ძალადობა პოლიციის განყოფილებაში
ტელეკომპანია „პირველმა“ 12 ივნისს გაავრცელა ანონსი, სადაც 2022 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტებია ასახული. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები განყოფილებაში გადაყვანილ ახალგაზრდებს, რათა მათგან სასურველი ჩვენება მიიღონ.
ვიდეომასალაში ისმის მოქალაქის პასუხი „არაფერი არ ვიცი“, რასაც პოლიციელის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის თმაზე ქაჩვა და თავში დარტყმა მოჰყვება. გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, როგორ აყენებენ პოლიციელები წიხლებსა და მუშტებს მოქალაქეებს. როგორც ტელეკომპანია იტყობინება, ძალადობის ამსახველი კადრები თავად პოლიციელების მიერ იყო გადაღებული.
ოფიციალური პოზიცია და კითხვები
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული დანაშაული უწყების გენერალურმა ინსპექციამ 2026 წლის თებერვალში გამოავლინა. მასალები პროკურატურას გადაეგზავნა, რის საფუძველზეც 23 თებერვალს სამივე პოლიციელი დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველები სვამენ კითხვას, თუ რატომ დასჭირდა სახელმწიფოს ოთხ წლამდე დრო აღნიშნული ძალადობის ფაქტის გამოსავლენად და რატომ მოხდა რეაგირება მხოლოდ ახლა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.