13 ივნისს თბილისი ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის პირველ კონცერტს უმასპინძლებს. ღონისძიება სახელმწიფო პროგრამა „Starring Georgia“-ს ფარგლებში ტარდება, რომელიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 70 ათასი ბილეთი გაყიდვების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.
დედაქალაქის მერია კონცერტისთვის აქტიურად ემზადება. „დინამო არენაზე“ საზეიმო სამზადისი ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. სტადიონზე დამონტაჟდა გიგანტური LED-კონსტრუქციები, მოძრავი პლატფორმები და მრავალშრიანი განათების სისტემა.
უსაფრთხოებისა და მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, 12 ივნისის დილის 07:00 საათიდან დაიწყება შეზღუდვები. პირველ ეტაპზე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზე, „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელების მიმართულებით.
13 ივნისს, 13:00 საათიდან მეორე დღის 02:00 საათამდე, სრულად გადაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირის მონაკვეთი — მეტროსადგურ „წერეთლიდან“ მიხეილ ცინცაძისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე. მოძრაობა ასევე შეზღუდული იქნება დავით ყიფიანის, ფოთისა და ბათუმის ქუჩებზე, ასევე სტადიონის მიმდებარე სხვა გზებზე.
მაყურებლების კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მეტროპოლიტენი 13 ივნისის ღამეს მუშაობას 02:00 საათამდე გაახანგრძლივებს. იმავე გრაფიკით იმოძრავებენ ავტობუსები: №306, 308, 311, 315, 320, 327, 351, 381, 384 და 386.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.