საქართველოს საზღვარზე, დარიალის გამშვებ პუნქტთან, უკრაინის სულ მცირე 19 მოქალაქე თითქმის ერთი წელია სარდაფში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი დარია სამოდუროვა ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, უკრაინის მოქალაქეები მას დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ ისინი ფაქტობრივად გამოკეტილნი არიან უფანჯრო და ვენტილაციის არმქონე ოთახში. მათივე ცნობით, იქ მყოფებს არ გააჩნიათ სათანადო საცხოვრებელი პირობები და სამედიცინო დახმარებაზე წვდომა.
„ეს არ არის ერთი ან ორი დღის ამბავი, საუბარია ერთ წელიწადზე. ამჟამად სარდაფში 19 ადამიანია“, — წერს სამოდუროვა სოციალურ ქსელში. ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქ მყოფ პირებს არც საკვებით და არც მედიკამენტებით არ უზრუნველყოფს.
სამოდუროვას ინფორმაციით, უკრაინელების უმრავლესობა რუსულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი საქართველოს საზღვარზე გადმოიყვანეს. მათ არც საქართველოში შესვლის და არც უკან, უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების სარდაფში მოთავსების პრაქტიკა უკვე სამი წელია არსებობს. მისი თქმით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფორმირებულია ადამიანების არაადამიანურ პირობებში უკანონო დაკავების შესახებ.
დარიალის გამშვებ პუნქტთან შექმნილი ვითარება საერთაშორისო ყურადღების ცენტრში 2025 წლის ივნისში მოექცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საზღვრის ქართულ მხარეს სულ მცირე 45 უკრაინელი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი ყოფილი პატიმრები, ისე რიგითი მოქალაქეები.
იმ პერიოდში გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის იყვნენ შშმ პირები, ასევე აივ-ინფიცირებული და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც საჭირო სამედიცინო მკურნალობა არ უტარდებოდათ. ზაფხულის პერიოდში ტრანზიტულ ზონაში მყოფ უკრაინელთა რაოდენობამ რამდენიმე ათეულს მიაღწია.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოქალაქეების საზღვარზე შემოშვებაზე უარი იმით ახსნა, რომ ნაწილს არ გააჩნდა მოქმედი დოკუმენტები, ზოგიერთი მათგანი კი კრიმინალური წარსულის მქონე იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ზოგიერთი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველად მიიჩნიეს.
ვითარების განმუხტვის მიზნით, გასულ წელს გამართული მოლაპარაკებების შედეგად, რამდენიმე ჯგუფის გაყვანა მოხერხდა. 2025 წლის ივლისში უკრაინამ მოლდოვის გავლით 43 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, აგვისტოში კი შსს-მ 65 უკრაინელის სამშობლოში დაბრუნების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.