გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოაწყო. ღონისძიების მთავარი მიზანი კასპში მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.
დასუფთავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა. კომპანიის თანამშრომლებმა ნაგავსაყრელის მიმდებარე არეალი ნარჩენებისგან გაწმინდეს.
„გარემოს დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტია. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი ტიპის აქციებს რეგულარულად ვატარებთ, რადგან ეს გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, — განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს დააწესა. 1973 წლიდან მოყოლებული, ეს დღე მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ნარჩენების მართვის კულტურის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.