გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის ტაძარი მოინახულა. ვიზიტისას მან ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ თანამშრომლობას და მათ ერთიანობას ქვეყნის ინტერესების დაცვის პროცესში.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევა ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადამწყვეტია. პრემიერმა აღნიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაში სახელმწიფო ბედნიერია იმით, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ეკლესიასთან ერთად იზრუნოს სამშობლოს მომავალზე.
„მადლობა მინდა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის, თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას და თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა სასულიერო პირებს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლიერება გამოუცხადა. მან აღნიშნა, რომ მათი როლი დედაეკლესიის დაცვასა და ქვეყნის სიმტკიცის უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაული მიულოცა იქ შეკრებილებს და დასძინა, რომ „წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“.






დისკუსია
0 კომენტარი