საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მიმართვა ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვისა და პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგ შედგა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა წმინდა გიორგის განსაკუთრებულ როლს ქართველი ერის ცხოვრებაში. მისი თქმით, წმინდა გიორგი ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების სიმბოლოა, რომლის მოწამებრივმა ცხოვრებამაც დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორიაზე.
„წმინდა გიორგი ქრისტესთვის მებრძოლი უტეხი სული, მტკიცე რწმენა, ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების მარადიული სიმბოლოა. უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანულ სამყაროში“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ისტორიულად ქართველი მეომრები წმინდა გიორგის არა მხოლოდ ზეციურ მფარველად, არამედ თანამებრძოლად მიიჩნევდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ამ რწმენამ განაპირობა ერის გადარჩენა მრავალი რთული ბრძოლის დროს.
საუბრისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გამოწვევებზეც. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური სირთულეებისა, ერს გააჩნია ისტორიული გზა, რომელსაც საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა. მან გაიხსენა, რომ ქვეყანა სახელმწიფოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღნიშნავს.
პრეზიდენტის თქმით, მომავალი თაობების მთავარი მისია არა მხოლოდ ხილულ გამოწვევებთან გამკლავება, არამედ საკუთარი ვნებების დაძლევა და ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერებაა. „გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა“, — დასძინა მან.






დისკუსია
0 კომენტარი