2026 წლის 23 ნოემბერს საქართველო გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად უძღვება.

ისტორიული თარიღი

მიმდინარე წელი ქართული ეკლესიისთვის განსაკუთრებულია, რადგან ის უკავშირდება ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს. საზეიმო წირვა-ლოცვები ამ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტაძარშიც ტარდება.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული და ქრისტიანობის 1 700 წლისთავი მიულოცა.

„წმ. ნინოს საფლავზე გიორგობის აღნიშვნა დაკავშირებულია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან. გიორგობასთან ერთად, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტიანობის 1 700 წლის ისტორიას, საქართველომ ქრისტიანობა 2 000 წლის წინ მიიღო, მაგრამ 1 700 წლის წინ მოხდა მისი გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად“, — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სადღესასწაულო მსახურებები ტაძრებში მთელი დღის განმავლობაში გრძელდება, სადაც მრევლი გიორგობის დღესასწაულთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღსაც აღნიშნავს.