საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის მიდგომა რეგიონის ქვეყნების მიმართ „ორმაგი სტანდარტის“ ნიშნებს შეიცავს, რაც, მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.

პარტნიორობა წინაპირობების გარეშე

კობახიძემ 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა სომხეთთან და აზერბაიჯანთან პარტნიორული ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა. მისი თქმით, ამ პროცესს არ მოჰყოლია ისეთი პოლიტიკური მოთხოვნები, როგორსაც ვაშინგტონი საქართველოს უყენებს.

„იქ ხომ არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც რაიმე სხვა. არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, საქართველოს შემთხვევაში აშშ-ის წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პარტნიორობის შეჩერების შესახებ უსამართლო იყო. კობახიძე ამას პირდაპირ უკავშირებს ქვეყნის უარს „მეორე ფრონტის“ გახსნაზე.

კანონმდებლობა და „უსუსური არგუმენტები“

ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად უკავშირდება ვაშინგტონის უკმაყოფილება საქართველოში მიღებულ სადავო კანონებს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არგუმენტი სრულიად უსუსურია.

„ჩვენზე უკეთესი კანონებია ჩვენზე უკეთეს ქვეყნებში, თუ რაშია საქმე? როდესაც გვეუბნებიან, რომ მეზობელ ქვეყნებში არის უკეთესი კანონები, ვიდრე საქართველოში, ეს არის ძალიან უსუსური არგუმენტი“, - აღნიშნა მან.

მზადება ურთიერთობის გადატვირთვისთვის

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტსაც. მისი თქმით, ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე მხარეებმა „გულწრფელად“ ისაუბრეს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, ურთიერთობები ე.წ. „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს. თუმცა, მანვე დასძინა, რომ „რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ სამართლიანი ურთიერთდამოკიდებულებით“.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს გაფორმებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოქმედება ბაიდენის ადმინისტრაციამ 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა. სტატუს-კვო დღემდე უცვლელია, რაც მოიცავს როგორც პარტნიორობის შეჩერებას, ისე „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს.