გორში სამართალდამცველების მიერ მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ დგება, თუ მსგავსი ქმედებები სისტემურ ხასიათს ატარებს.

„თუ რაღაც ხდება სისტემატურად, თუ არის რეციდივი, მაშინ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს. თუმცა, ვინაიდან ეს იყო ერთი ინციდენტი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე“, — განაცხადა კობახიძემ გორში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მყისიერი რეაგირება

პრემიერმა დადებითად შეაფასა ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება და აღნიშნა, რომ ამან ხელისუფლებას სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა მისცა. მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი მძიმე ფაქტზე.

„არც ერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ დახვეწილი ხელწერით, რაც 2012 წლის შემდეგ დავამკვიდრეთ“, — აღნიშნა პრემიერმა.

რა მოხდა გორში

27 მაისს qartli.ge-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ უსწორდება ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს — პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს. დაზარალებულებს შორის არიან დაშავებულები, რომელთაც აღენიშნებათ ნეკნის მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები და თავის ტრავმები.

მომხდარს პროკურატურის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. უწყებამ 28 მაისს 6 პოლიციელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ძალადობით გადაამეტეს, რამაც დაზარალებულთა ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კი ამტკიცებს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა მოქალაქის მხრიდან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და სამინისტროს თანამშრომლისთვის ქვით ჯანმრთელობის დაზიანება.