„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ გორში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი შეაფასა. საუბარია გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომელშიც ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელები კომბინატის დასახლებაში მოქალაქეს. დეპუტატმა მომხდარს „პატარა გადაცდომა“ უწოდა.
კირცხალიამ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, კადრები, სადაც პოლიციელები დაგდებულ ადამიანს ურტყამენ, მძიმე სანახავია, თუმცა მან ინციდენტის მასშტაბი დააკნინა.
„ასეთი პატარა გადაცდომები ჩვენს პოლიციას ნამდვილად ვერ მიაყენებს იოტისოდენა ჩრდილსაც კი,“ — განაცხადა დეპუტატმა.
მმართველი პარტიის წევრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. მან ასევე ხაზი გაუსვა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემას და განაცხადა, რომ პოლიციელები „გმირები“ არიან, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან. მისი თქმით, ეს ფაქტი პოლიციურ ინსტიტუციას არ აზიანებს.
ამასთან, კირცხალიამ აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, არ სურს დეტალებში შესვლა, თუმცა დარწმუნებულია, რომ საზოგადოების მხრიდან მომხდარის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ადამიანურად გასაგებია.
რა მოხდა გორში?
ინციდენტი გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. კადრებში ჩანს დაკავების პროცესი, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გააკეთა. უწყების ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული მოქალაქე, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს, უკვე გათავისუფლდა იზოლატორიდან. თუმცა, მას პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრა — მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.