საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიშკეკში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ევროპულ ბიუროკრატიასთან ურთიერთობას გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისი მზადაა ნებისმიერ თემაზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გარშემო არსებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებში ევროპული მხარის მიდგომები ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არასწორი ქმედებაა.

„ჩვენ თავის დროზე ყველა გზა ჩავკეტეთ შანტაჟისთვის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი — ვიზალიბერალიზაცია. სამწუხაროა, რომ კონკრეტული ძალები ცდილობენ, ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას ყველა დასმულ კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვს. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო ჯამში, ევროპულ სტრუქტურებში მიდგომები შეიცვლება და საქართველოსთან მიმართებაში სამართლიანი სტანდარტები დამკვიდრდება.

პრემიერის განცხადებით, ქვეყნის მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის სწორედ სამართლიანობაზე დაფუძნებული დიალოგია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რჩება ღია პარტნიორებთან მუშაობისთვის, რათა არსებული გაუგებრობები კანონის და პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მოგვარდეს.