„4 ოქტომბრის“ მოვლენების საქმეზე, რომელსაც სამართალდამცავები „მშვიდობიანი დამხობის“ მცდელობად მოიხსენიებენ, ბრალდებულთა რაოდენობა, ვისთანაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, იზრდება. 12 ივლისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი უძღვება, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ დაადასტურა, რომ შეთანხმება შედგა ბრალდებულ ზაქრო ალბუთაშვილთან.

ზაქრო ალბუთაშვილი, რომელიც წინა სხდომებზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, ახლა ბრალს აღიარებს. მანამდე ის აცხადებდა, რომ „სამშვიდობო მისიას“ ასრულებდა და მოვლენების ეპიცენტრში მისი ყოფნა პირიქით, დადებით როლს თამაშობდა. ალბუთაშვილი მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ დაკავების გამო სამსახური და შემოსავალი დაკარგა, რამაც მისი ოჯახი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო.

საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ალბუთაშვილს სამი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდება. მისი გათავისუფლების პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქმე ცალკე გამოიყოფა და სხვა მოსამართლე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულია 64 აქციის მონაწილე. მათგან 23-მა პირმა უკვე შეძლო პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. პარალელურად, 11 პირი უკვე მსჯავრდებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც, რომლებსაც 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.