კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ონლაინ მაღაზია „ისურვე“ მნიშვნელოვანი ჯარიმით, 115 396 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება კომპანიის მხრიდან უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმე 78 მომხმარებლის განცხადების შესწავლას ეხება. უწყებამ დაადგინა, რომ კომპანია „ისურვე“ უსამართლო კომერციულ საქმიანობას ახორციელებდა. სააგენტომ მოვაჭრეს ერთი თვის ვადა მისცა დარღვეული უფლებების აღსადგენად, რაც, პირველ რიგში, საქონლის მიწოდების ვადების მოწესრიგებას და სავაჭრო პოლიტიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობდა.

კომპანიამ დადგენილ ვადაში დაკისრებული მოთხოვნები არ შეასრულა. კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა შესაძლოა კომპანიის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-ს აღწევდეს. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა დარღვევის მასშტაბი, სისტემური ხასიათი, განზრახულობა და მისი სიმძიმე.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმის გადახდა კომპანიას სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. „ისურვეს“ საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებშიც აქტიურად იკვეთებოდა.

ონლაინ მაღაზიის მომხმარებლები Facebook-ზე წერდნენ, რომ შეკვეთილი ნივთების, მათ შორის განვადებით შეძენილი ძვირადღირებული ტექნიკის მიღებას თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ამ პრობლემის გამო, სოციალურ ქსელში მომხმარებელთა სპეციალური საპროტესტო ჯგუფებიც კი შეიქმნა.