სომხეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების დათვლის შემდეგ, ქვეყნის წამყვანმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მწვავე განცხადება გაავრცელეს. მათ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას აიღებს „სიტუაციის ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 მანდატით შედის. სამველ კარაპეტიანის „ძლიერმა სომხეთმა“ 29 მანდატი მოიპოვა, ხოლო რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსს“ 12 მანდატი ერგო. ოპოზიციური „აყვავებული სომხეთი“ პარლამენტს მიღმა დარჩა, რადგან ხმების მხოლოდ 3.9893% მიიღო.
საბოლოო შედეგებს წინ უძღოდა ხმების ხელახალი დათვლა და ცესკოს გადაწყვეტილება სამ საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ექვსმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ შორის პარლამენტში გასულმა ბლოკებმა, ერთობლივად განაცხადა, რომ დაფიქსირებული შედეგები ლეგიტიმური ხელისუფლების ფორმირების საფუძველი ვერ გახდება.
ოპოზიციური ჯგუფები საუბრობენ მრავალრიცხოვან დარღვევებზე, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი ფიგურების დაკავებაზე. ისინი გეგმავენ, შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ დაწესებული შეზღუდვების გამო. ცნობილია, რომ გაგიკ ცარუკიანს, ნარეკ კარაპეტიანსა და რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ქოჩარიანის ოფისის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა, მაშინ როცა პრემიერი ფაშინიანი ოპონენტებს მოუწოდებს, „ნუ იჩქარებენ ჩემოდნების ჩალაგებას“.
ამასთან, კირანცის სასაზღვრო სოფლის საჯარო მოხელემ, გოჰარ ვარდანიანმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა გადადგომის მიზნით, მას შემდეგ რაც მან არჩევნებში მესაზღვრეებისა და სამხედროების მონაწილეობა გააკრიტიკა. კირანცის სოფელი, რომელიც საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ეპიცენტრში მოექცა, კვლავ რჩება პოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ წერტილად.
ამ დროისთვის გაურკვეველია, დაიკავებენ თუ არა ოპოზიციური ბლოკები თავიანთ საპარლამენტო მანდატებს. პროტესტი გრძელდება ცესკოს შტაბ-ბინასთანაც, სადაც აქციის მონაწილეები არჩევნების ხელახალ დანიშვნას ითხოვენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.