რუსეთის ფედერაცია სომხეთს ენერგეტიკული ბერკეტით აშანტაჟებს. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ღიად განაცხადა, რომ თუ ერევანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (EAEU) გამოსვლას გადაწყვეტს, ქვეყნისთვის რუსული გაზის ფასი გაიზრდება.

ამჟამად სომხეთი რუსეთიდან გაზს შეღავათიან, არასაბაზრო ტარიფად იღებს. პესკოვის თქმით, ეს პრივილეგია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებს ეკუთვნით და ევროკავშირის წევრებისთვის მსგავსი რეჟიმი შეუძლებელია. კრემლის ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთი საიმედო პარტნიორია, თუმცა მისი „კეთილგანწყობა“ პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ინტეგრაციასთან.

პოლიტიკური დაძაბულობა და ულტიმატუმები

ერევანს პესკოვის განცხადებაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა აპრილში უკვე დააფიქსირა ქვეყნის პრინციპული პოზიცია. მისი განმარტებით, რუსეთის მხრიდან გაზის ფასის ხელოვნური ზრდა სომხეთისთვის სიგნალი იქნება, დატოვოს როგორც ევრაზიული კავშირი, ისე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ).

მოსკოვი სომხეთის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს უკვე დიდი ხანია აკრიტიკებს. რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ნიკოლ ფაშინიანი პირდაპირ დაადანაშაულა „არაკეთილსინდისიერებასა“ და რუსეთის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკაში.

„რბილი განქორწინება“ თუ ეკონომიკური ზეწოლა?

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მაისის დასაწყისში, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ერევანს ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წევრობას შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. პუტინის თქმით, ლოგიკური იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარება, რათა პროცესი „რბილი, ინტელიგენტური განქორწინებით“ დასრულებულიყო.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ ინიციატივას უპასუხა, რომ რეფერენდუმის საჭიროება არ არსებობს და სომხეთი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს „ქორწინებაში“ არ ურევს. მისი თქმით, სომხეთი რჩება ორგანიზაციის წევრად და სრულად მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში.

კრემლი ამავდროულად ცდილობს, სომხეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს. პესკოვი ღიად აცხადებს, რომ მოსკოვი „აფასებს“ იმ პოლიტიკურ ძალებს სომხეთში, რომლებიც რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების მომხრეები არიან. ეს განცხადება კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ერევანში.