რუსეთის ფედერაციამ კიევის მიმართ მორიგი მუქარა გააჟღერა. 25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აპირებს, იერიშები მიიტანოს უკრაინის დედაქალაქში განლაგებულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე.
მოსკოვის მტკიცებით, სამიზნეში მოექცევიან ის ობიექტები, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების პროექტირება, წარმოება და პროგრამირება მიმდინარეობს. რუსულმა უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.
„თვალთმაქცობის შედევრი“
რუსული მხარის ულტიმატუმს ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში, კატარინა მატერნოვამ უპასუხა. მან კრემლის განცხადებას „თვალთმაქცობის შედევრი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსი კიევიდან გასვლას არ აპირებს.
„რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში ბომბავდა საცხოვრებელ სახლებს, მუზეუმებს, სამშობიაროებს, სკოლებსა და ელექტროსადგურებს, ახლა მოულოდნელად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების ენით ალაპარაკდა“, — განაცხადა მატერნოვამ.
ელჩის შეფასებით, რუსეთის ქმედებები არა ძალის, არამედ სასოწარკვეთის ნიშანია. მისი თქმით, კრემლის მიზანი უკრაინაში შიშისა და პანიკის დათესვაა, თუმცა ეს გეგმა შედეგს ვერ გამოიღებს.
რუსეთის არგუმენტები
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მათი მოთმინების ფიალა აივსო, რადგან კიევი რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებს. მოსკოვი აცხადებს, რომ მათი სამხედრო ნაბიჯები სწორედ საპასუხო ხასიათს ატარებს.
ამასთან, რუსული მხარე უკრაინას ჟენევის კონვენციებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება კიევის წინააღმდეგ რიტორიკის გამკაცრების მორიგი ეტაპია.
ევროკავშირის ელჩი კი პირიქით, დარწმუნებულია, რომ პუტინის რეჟიმმა კარგად იცის — ის ვერ შეძლებს ვერც უკრაინის მედეგობის გატეხვას და ვერც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შერყევას.
„კიევი დგას, უკრაინა დგას და ჩვენც მათთან ერთად ვდგავართ“, — დაასკვნა მატერნოვამ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.