საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო საგამოძიებო უწყებებთან ერთად კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაასრულა. 10 ივნისს, აჭარაში ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

საქმის დეტალები საქართველოს პროკურატურაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საგამოძიებო პროცესში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებები შეეხო როგორც საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებს, ისე ავტომობილებს. ოპერაციის მიზანი უკანონო ფინანსური ნაკადების გამოვლენა და კრიპტოვალუტის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა იყო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროკურატურამ ყადაღა დაადო დიდი ოდენობით ქონებას. მათ შორისაა 173 სატრანსპორტო საშუალება, ძვირადღირებული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება. უწყება დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.